მთავარი » რეპორტაჟი » ჩუმი სკოლა

ჩუმი სკოლა

IMG_2704
დილის 9-ზე გადის პირველი რეისი. ძველი, მერსედესის მარკის მარშრუტკით მივჯანჯღარებთ. ბოლო პუნქტი ჩემი სოფელია, სოფელი წინარეხი. არც ისე შორსაა ეს ადგილი, აქვე, კასპის რაიონში. ავტობანზე არც უნდა გახვიდე, მარცხნიდან აუვლი მცხეთას და ერთ საათში იქ ხარ. მანქანა თუხთუხს იწყებს და ყველა საქმეს იჩენს. სოფლის ავტობუსი ისეთი რამეა, ერთხელ მაინც უნდა მოხვდე შიგნით – ზოგი გაზეთს იღებს, ზოგიც წიგნს, ვიღაცები დიდი ხნის უნახავ ნაცნობებს პოულობენ უცებ. წავა მერე მოკითხვა – ვისი შვილი სად სწავლობს, ვინ სად მუშაობს, ვისი რძალი როგორია და ვინ გადაყვა ლოთობას.  ჭორი და მართალი, სულელური და ჭკვიანური აზრები, თივისა და ბაზრობაზე ნაყიდი სუნამოს სუნი, მაგარი რამეა სოფლის ავტობუსი. უფრო მაგარია სოფელი, თავისი სკოლით, 1844 წელს აშენებული სკოლით, რომლის შესახებ რეპორტაჟის გასაკეთებლადაც მივდივარ ამ წუთას.

ჯერ ბებიასთან ვჩერდები, სუ რომ არაფერი, იქ ისეთი გემრიელია ყველაფერი, გვერდს ვერ აუვლი კაცი. მალე ვამთავრებ მოკითხვას, ჭამას და გავრბივარ სკოლაში. სკოლა ერთ სართულიანი შენობაა, შენობა ეთქმის ჯერ კიდევ. სოფლის ცენტრიდან მორღვეულ ეზოში რომ შეხვალ, დეკორატიულ ბუჩქებს შორის ჩაძირული პირჩამომტირალი, ცოტა პირქუში სანახაობა დაგხვდება. ყველაფერი მოშლილია: მოედანი,  პარმაღი, ფანჯრები, კედლები, კარები.  შენობაც ძველია, აგერ უკვე თითქმის 170 წლის.

თავის დროზე დიდი იმედებით იხსნებოდა აქ სკოლა ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის და მთელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ. მეცხრამეტე საუკუნეში ალბათ ფიქრობდნენ, რომ საკამაოდ მრავალრიცხოვან, ძლიერ სოფელს მომავალში აუცილებლად დასჭირდებოდა საგანმანათლებლო რესურსები. ამიტომაც დააარსეს სასწავლებელი, სკოლა რომელიც დღეს თამამად შეიძლება ითქვას ისტორიულია. იმ დონის მაინც, სადმე აშშ-ში მოგზაურად ჩასულს სიამაყით რომ შეგიყვანენ ადგილობრივები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და გიჩვენებენ შემონახულ ისტორიას. შენობის მდგომარეობა კი აქ ჩამოსულ მოგზაურებს სულ სხვა სურათს სთავაზობს.

IMG_2687

სურათს სკოლისას, რომელსაც ენგრევა კედლები, სკოლას რომელიც კარგავს ბავშვებს – კარგავს სასიცოცხლო ფუნქციას.  დღეს სკოლას თითქმის აღარც შენობა აქვს და აღარც მოსწავლეები ჰყავს. რჩება მხოლოდ ინსტიტუცია  სადღაც ჰაერში, ვირტუალურად, ღარიბულად ჩაცმული მასწავლებლების ოხვრაში. ძნელია გაამტყუნო ხალხი, რომელიც სიღარიბეს ქალაქში გაურბის. იქნებ ეს შეუქცევადი პროცესია, პროცესი რომელშიც დამნაშავე მხოლოდ დროა.  მაინც ჯიუტად იღებს ახალ ბავშვებს სკოლა, ბავშვებს, რომლებიც ყოველ წელს სულ უფრო და უფრო ცოტა მოდიან. დღეს სკოლაში 19 მოსწავლეა, სექტემბერში მათი რიცხვი ალბათ კიდევ მოიკლებს. ყველა ცდილობს საკუთარ შვილს თბილისში ან კასპში ასწავლოს.

წინარეხამდე სკოლა მეზობელ თელათგორში გაუქმდა, შემდეგ გაუქმდა ბიბლიოთეკა, ახლა დახურვის საფრთხე უკვე ამ სკოლასაც ემუქრება. თქმა არ უნდა, ეს სოც. ინსტიტუტი სოფლის სიცოცხლისუნარიანობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.  ისიც ფაქტია, რომ სკოლის დახურვას საფრთხეს არა მარტო მოსახლეობის ქალაქებში მიგრაცია, არამედ შენობის მდგოამრეობაც უქმნის – სასწავლო პროცესის წარმართვა აქ ზამთარში ძალიან რთულია. მოსახლეობის უზრუნველყოფა ნორმალური სკოლებით განათლების სამინსიტროს ევალება. თუმცა ისინი საკითხს უფრო გლობალურად უყურებენ და მათ დახურვებს ოპტიმიზაციას უწოდებენ. საბოლოოდ, იქნებ არც განათლების სამინისტროა დამნაშავე. თუმცა ვითარებას ეს არ ცვლის – კომპიუტერის შემსწავლელი საზოგადოების ეპოქაში შესაძლოა წერა-კითხვის გამავრცელებელი კიდევ ერთი ბაზისური ცენტრი დაიხუროს.

პ.ს პოსტი ასახავს 2012 წლის რეპორტაჟს, რომელიც აქამდე არ გამომიქვეყნებია. 2012 წლის ზაფხულში სკოლის ნაწილში შეცვალეს ფანჯრები, თუმცა ვითარებას ეს პრაქტიკულად არ ცვლის, შენობა ისევ დანგრევის პირასაა, მოსაწავლეთა რაოდენობა კი ამ და სხვა საკითხების გათვალისწინბით ისევ მცირდება. დღეს სკოლაში მხოლოდ 14 მოსწავლეღა ირიცხება.

IMG_2705

IMG_2696

IMG_2710

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s