მთავარი » ნაჯღაბნები » ყველამ ვაზი რომ გავსხლათ

ყველამ ვაზი რომ გავსხლათ

აქ, თბილისში ეზოში პატარა ხეივანი გვაქვს. ალადასტური გვიდგას და ერთი ძირიც ადესა. არც იმდენია, ღვინოდ დაიწუროს და კაცმა რომ თქვას, არც კარგი ღვინო დგება ალადასტურისგან. მე კი მაინც მთელი წელია, გულმოდგინედ ვუვლი ვაზს. მთელი წელია გულდასმით ვაკვირდები – როგორ იზრდება. პატარა ბავშვივით კია მართლა, ყოველდღე იცვლება. მერე რამეს დაუგვიანებ, რამეს არასწორად გააკეთებ და წყალში გეყრება ყველაფერი. მთელი წელია, გამუდმებით ვღელავ. არადა, არც ისე ახალბედა ვარ – ბავშვობიდან ვიყავი ჩართული ხეხილის მოვლაში: გადაკაფვაც შემეძლო, გამარგვლაც და მყნობაც, ვაზს მაინც არასდროს მივკარებივარ აქამდე. ვაზი ხომ თითქოს საკრალურია საქართველოს მოქალაქეებისთვის, არა? ჩემთვის ასეა. ვაზს ჩემს ოჯახში ყოველთვის ოჯახის უფროსი უვლიდა.

ოდესმე კი ყველაფერი იცვლება, ვიცვლებით ჩვენ, ბუნება და პირამიდებიც. დრო არ ჩერდება, საათის ისარიც რეალურად წრიულად ხო არა, სპირალურად ტრიალებს. ამ დრომ მოიტანა ისიც, რომ წელს პირველად მომიწია ვაზის მოვლამ. ისე ბუნებრივად, ისე ჩვეულებრივად მითხრა პაპამ, რომ არ შეეძლო, რომ აღარ შეეძლო. გამიკვირდა, შევცბუნდი. ვაზი პირველად რომ გავსხალი, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი დიდი რაღაც პასუხისმგებლობა. ღამით დამესიზმრა დიდი მოსავალი, დილით კი უკვე ნერვიულობა დავიწყე – ხომ ამოიყრის, ხომ ამოიყრის?

წელსვე პირველად გამიკვირდა პაპას სიტყვები. ვაზის გასხვლას რომ ვაპირებდი, უბრალოდ ვკითხე, როგორ გავაკეთო-მეთქი… აქვე, თბილისში ხომ გვედგა ვაზი და ხომ შეეძლო ეჩვენებინა მაინც, პაპამ კი ის მითხრა, აბა მე რა ვიცი, ყველა ვაზი სხვადასხვანაირიაო. დავიბენი – სტრუქტურა, წესები, თითქმის არაფერია მკაცრად გნასაზღვრული, ადგილზე შეხედავ და უნდა მიხვდე, უნდა იაზროვნო, უნდა იფიქრო, უნდა გადაწყვიტო. სწორედ ესაა ვაზის სირთულე… და სილამაზეც.

დიდაქტიკოსობა სულაც არ მინდა, მაგრამ წელს, რაც ვაზის მოვლა დავიწყე, უკვე ხშირად მიჩნდება ეს კითხვა –  ნეტა რამდენმა იცის ღვინის დაყენება? განა იცის ყველა იმ ადამიანმა, ვინც ვაზის ნაწარმს ლიტრობით შთანთქავს? იცის კი, როგორ უნდა დააყენოს კარგი ღვინო, ან თუნდაც როგორ არ გაახმოს ვაზი? იცით, წელს მე ამაში უკვე დავეჭვდი – ვაზი ისეთი ინდივიდუალურია, ისეთი სხვანაირი. ვფიქრობ, შეუძლებელია ასე მთელი წელი უვლიდე და მერე ყველანაირი: მშრალი და ნახევრად მშრალი, თეთრი და წითელი, კარგი და ცუდი ღვინო ერთნაირად შთანთქო. ისევე შეუძლებელია, რომ სულ სხვადასხვანაირი ვაზის მოვლის შემდეგ ადამიანებს სცემო განსხვავებული თმის ფერის, მაისურის, ეთნიკურობის ან სექსუალური ორიენტაციის გამო. კი მაგრამ, ვაზი ხომ ისეთი ინდივიდუალურია… ამიტომ ვამბობ, შთანთქვა კი, მაგრამ დღეს საქართველოში ღვინის დაყენება განა ბევრმა იცის? მე მეეჭვება.

მრავალფეროვნების დანახვაზე არც არის ყველაფერი. ყველა ლიბერალური აზროვნების ვერ(და არ) იქნება. მაგრამ იმ დღეს ღვინის ფესტივალზე ვიყავი, აქვე, კუს ტბასთან, ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმართებოდა. ღვინო ჩვენი ტრადიციაა, ის, რისთვისაც ხმლით, თოფით, კალმითა და სკამებით ვიბრძვით. იმ დღეს, ეთნოგრაფიულში კი ქართულ ენაზე მეტი ინგლისური, რუსული ან სხვა უცხოური  სიტყვები ისმოდა. ჩვენი პრობლემაც ესაა. ვაზი აღარ არის ტრადიცია, ღვინო დღეს მხოლოდ ალკოჰოლია – დათვრე და დაიძინო. განა ვინმემ ძალით წაგვართვა? არა, უბრლაოდ დაგვეზარა.  მე კი ვფიქრობ, იქნებ ყველამ ჩვენი წილი ვაზი გავსხლათ, ჩვენი წილი ეზო და ქუჩა დავასუფთაოთ, ჩვენი წილი ხმა გამოვიყენოთ და სხვაგან არ გავიჭრათ. ყველამ ჩვენი წილი საქმე რომ ვაკეთოთ და დილის რვა საათზე მთვრალები არ ვიყოთ, იქნებ ასე უკეთესად ავაშენოთ ნამდვილი სახელმწიფო.

არსებობს ორი ფუნდამენტური პრინციპი – თავისუფლება და პასუხისმგებლობა.  მინდა ეს პრინციპები ყველამ ვიცოდეთ. აი, აქ ნადვილად დავიწყებ დიდაქტიკას. ეს პრინციპები ხომ ჩვენი არსებობის საფძველია, ჩვენი, როგორც ადამიანების და არა ინსტიქტებით მოქმედი არსებების. თავისუფლება ხომ რუსთაველის გამზირზე მხოლოდ „ჯოს, ჯოს!“ ძახილი არ არის. თავისუფლება ხომ მხოლოდ ფორმალური სუვერენიტეტი არ არის. განა ჩვენ დღეს თავისუფლები ვართ? განა ოთხ მილიონ ადამიანში ოცი განსხვავებულის შიში თავისუფლებაა? მე მეეჭვება. და პასუხისმგებლობა: პასუხისმგებლობა ოჯახის, მეგობრების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. მისი ზიდვა ცხოვრების ყველა ეტაპზე – ეს ჩვენი ჯვარია, არც ისე მსუბუქი და გლუვი, რომ ჩვენზე სუსტებს ვურტყათ. ეს ის ჯვარია, ჩვენ ჩვენი წილი საქმე რომ უნდა ვაკეთოთ. ვაკეთოთ დასვენებულსა და დაღლილზე, კარგ და ცუდ განწყობაზე, მუდამ რომ უნდა ვაკეთოთ და ვატაროთ, ის ჯვარია, ის, რისი ზიდვაც დღეს ყველა ჩვენგანს მეტ-ნაკლებად ეზარება.

ვაზი პირველად რომ გავსხალი, მაშინ ჩემთვის ვწერდი – თავისთავადი, მრუმე სერიოზულობით ვსხლავ ვაზს-მეთქი. სულ არ მეხარბიელება ეს საქმე. არა, იმიტო კი არა, რომ მეზარება, უბრალოდ, ეს ისეთი საქმეა, მერე ქლიავებს შეგახედებს, კაკალს, იქ გასამარგლს დაგანახებს, იქით კიდე შესალეს კედელს-მეთქი. ასეა, მოუარეთ ვაზს და ბევრ რამეს მიხვდებით. აი, მე დღეს ვფიქრობ: სოფელში ღობე მოირყა, მეზობლის ქათმები შემოდიან და არაფერს ახარებენ. ღობე ძველია და პაპას ნახელავი. მე ამაყი ვარ და ყველგან გავიძახი –  პაპაჩემმა ისეთი ღობე გააკეთა, 50 წელი ნირი არ შეუცვლია-თქო. და მარტო ღობე? პაპამ და ბებიამ ულამაზესი ბაღი გააშენეს, ულამაზესი და ბარაქიანი. მე ამაყი ვარ პაპას ნახელავით, მაგრამ… მაგრამ თუნდაც ერთ კვირა დღეს მე ხომ შემიძლია თორმეტის მაგივრად შვიდ საათზე ავდგე და სოფლის აგარაკის ღობე სულ ორი ლურსმნის დაჭედებით შევკრა, შევაკეთო? განა ეს მომკლავს? რა თქმა უნდა არა, უბრალოდ მეზარება. ამიტომ ვამბობ, იქნებ ყველამ ჩვენი წილი ვაზი გავსხლათ…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s