მთავარი » სვეტი » 90 წუთი

90 წუთი

17_football_wallpaper_match1
სტუდენტური ჟურნალისთვის  – “Redაქცია”

რეალურად 90 არ არის, ცოტა მეტი – 93, 94, ხან კი სულაც 120 წუთია. ეს საფეხბურთო მატჩია. ზოგისთვის სანახაობა, სხვისთვის ადრენალინი, ზოგისთვის კი ფსიქიკური აშლილობის მიზეზიც. საფეხბურთო მატჩი ბევრნაირია: არის ისეთებიც, მისტიკას რომ წააგავს. ხან დეტექტივივით ბოლო წამს იხსნება კვანძი, ხანაც ბულვარული რომანივით ყველაფერი ყვითელია. ზოგჯერ დრამაა, ხან კი ტრაგედიაც. ხანდახან ზღაპარივითაა, არა, განა პრინცებიანი და გველეშაპებიანი ზღაპარივით, დედის წაკითხული ზღაპარივითაა, გვიან რომაა, თან ნულით ნული და გემრიელად გეძინება. ფეხბურთი ხანდახან ეპიკური ისტორიაცაა, გმირების სამყარო. ბევრ რამეს იტევს 90 წუთი.

ხანდახან ისეა, ტირილი გინდა. ხან კი ისე გიხარია, შეიძლება შენს გვერდით მჯდომ, თუნდაც უცნობ ადამიანს ერთი გულიანად ჩაეხუტო და აკოცო. ხანდახან ეს ალკოჰოლივითაა, თრობის 90 წუთი, ხან კი ნერვების მოშლის მეტი არაფერია და ტყუილად დაკარგული მთელი 90 და როგორც უკვე ვთქვი უფრო მეტი წუთიც. მოკლედ, ბევრი რამეა ფეხბურთი. იმდენნაირია, რამდენი ქვეყანა და რამდენი ადამიანიც არსებობს. როგორც დენის ბერგკამპი იტყოდა, ადამიანი ამა თუ იმ გუნდის გულშემატკივარი არ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე ფეხბურთელი მოსწონს, ან კლუბის ისტორია იზიდავს. ნამდვილი სიყვარული, ეს ნიშნავს იპოვო შენთვის უნიკალური რამ ამ კონკრეტულ კლუბში, იქნებ გულის ის პატარა ნაგლეჯი, რაც მთელი ცხოვრება გაკლდა. აი რთულია ასე სიტყვებით გადმოსცე, მით უმეტეს, თუ რემარკივით არ გიჭრის ენა, ამიტომ, კარგია ერთხელ მაინც მოხვდე ტრიბუნაზე და იგრძნო ის ემოცია, რაც ბევრისთვის ნარკოტიკივთაა, ზოგისთვის კი რელიგიად ქცეულა…

wallpaper.big-ijB.cs

აბა, ვის გამოუცდია, დროშაში გახვეულ ათიათასობით აღტკინებულ ადამიანს შორის, განწირული ყვირილი – გოოოლ! გოლ, რადგან ეს სიტყვა ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერს. ჰო, როგორც ხედავთ ფეხბურთი ესპერანტოც ყოფილა. უნივერსალური ენა, თითქოს მუსიკა იყოსო. ჰმ… და იქნებ არის კიდეც: მუსიკა სასტვენიდან სასტვენამდე, ერთ წამში ჩახვეული ათასობით ამოოხვრისა და აღფრთოვანებული შეძახილისა – გოლ! თუმცა, სამწუხაროდ, ფეხბურთი მარტო სიგიჟის 90 წუთიც არ არის. ფეხბურთს ახსოვს ჰილსბორო, ახსოვს დაღუპული თვითმფრინავი, სადაც მანჩესტერის გუნდის წევრები, წითელი ეშმაკების ათასობით გულშემატკვირის გმირები, ერთდროულად დაიღუპნენ. ემოცია, როდესაც ანტონიო პუერტა, სიკვდილის წინ, ჯიუტად ცდილობდა წამოდგომას. ფეხბურთს ახსოვს ფეხმოტეხილი და ბავშვივით ატირებული ფეხბურთელები, გონებადაკარგული ფაბრიკ მუამბა და “ვაით ჰარტ ლეინზე” ალბათ პირველი შემთხვევა, როცა საათივით გაიწელა 5 წუთიანი სიჩუმე. შემდეგ კი, მთელი სტადიონი, ორივე გუნდის გულშემატკივარი, ერთხმად ყვიროდა: მუ-ამ-ბა.

აი ეს არის ფეხბურთი. აქამდე კი, ამ 90 წუთამდე, ამ სპორტმა დიდი ისტორია განვლო. როგორც საერთოდ ლეგენდებზე იციან ხოლმე, მის წარმოშობაზეც იყო დავა. ფეხბურთი სცოდნიათ ჩინეთში, რომსა თუ პერუში, მაინც ინგლისია სამშობლო. ბრიტანელებმა ფეხბურთს მიანიჭეს ის, რის გამოც ალბათ სამართლიანად ითვლებიან მის მშობლებად, მათ ამ სპორტს აჩუქეს სული და კულტურის ნაწილად აქციეს. თითქოს შუა საუკუნეების ეპიკურ შეტაკებებს მონატრებულმა კაცებმა, ახალ ბრძოლის ველად აქციეს ეს სპორტი. დაახატეს ლომი თავიანთ ღერბზე და მას შემდეგ ამ ლომის ტარება ღირსების საკითხია. ინგლისში ფეხბურთი ნამდვილი ბრძოლაა. არ აქვს მნიშვნელობა ამინდს, როცა სამშობლო, საკუთარი მოედანი გიხმობს. ის ამინდსა და განწყობაზე მაღალია. ალბათ, ინგლისელებისთვის ფეხბურთი თამაში ყველაზე ნაკლებადაა, ეს ბრძოლაა, ნამდვილი ომი – მთელი თავისი დაძაბულობით. სწორედ ამიტომ, ერთ ხმაში ამღერებული ათასობით გულშემატკივრის ფონზე გადიან ფეხბურთელები მინდორზე, წვიმასა და თოვლში, იბრძვიან, იმარჯვებენ და მერე “პაბებში” ყვებიან საკუთარი გმირობების ამბავს. აი, ასეთი რაინდული ბრძოლის ველია ეს 90 წუთი ინგლისში. მაგრამ მხოლოდ იქ, ნისლიან ალბიონზე. ბრაზილიელებმა კი ვერა და ვერ მოისვენეს, სანამ ეს ბრიტანული, თითქოს ტალახიანი თამაში ეგზოტიკურ, ცეცხლოვან სამბას არ დაამსგავსეს.

URUGUAY1930

თუმცა, ბრაზილიურ სამბამდე, პამპებიდან წამოსულმა, პონჩოებში გახვეულმა კაცებმა ფეხბურთი ურუგვაისა და პარაგვაიში ააყვავეს. მათი ფეხბურთიც მათსავე ჩაისავით იყო – მატესავით უცნაური. მოგვიანებით კი, ესპანურ კორიდამდე, ფეხბურთი არგენტინაში, ტანგოს სამშობლოში, ტანგოსავით უდარდელი და სექსუალური გახდა. შუაში იყვნენ იტალიელები – ჭადრაკივით მატჩებით და მაშხალებით ანთებული სტადიონებით. ეს ის მომენტია – გულშემატკივრები, ფეხბურთელები, კომენტატორები და ლამის მსაჯებიც რომ განწირული ყვირიან – გოოოოლ!.. გოლ დი ტარდელი; გოლ დი გროსო. იტალიელების 90 წუთი ყველაფერი იყო: რელიგია, მოდა, პიცა და მაფია. ან უბრალოდ, იტალიური ფეხბურთი, ეს ტიციანო კრუდელია. იცით ტიციანო? აუცილებლად დაგუგლეთ. ჰო, ახლა კი, ახლა ესპანელების ხელში, მხოლოდ კორიდას თუ შეგვიძლია ვუყუროთ, აი ბურთს რო აგორავებენ, აგორავებენ, როგორც ხარი დგას, თითქოს დაბნეული და მოსაწყენი, მერე უცებ მოგდევენ, შენ კი გარბიხარ უმისამართოდ, შეშინებული და ეს ხარები ლამის გთელავენ. ეს არის ესპანეთი, კორიდა მინდორზე, საყვირები, ტამტამები და ანდალუზიელი ეშხიანი ქალები ტრიბუნებზე. ფერები – ყვითელი, წითელი. მათი ფეხბურთი ზეიმია, ზეიმი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის.

match1getty_1668441i

ეს ცოტა სენტიმენტალურად. პრაგმატულად კი… პრაგმატულად, ბოდიში, მგონი არ გამომდის. ეს 90 წუთი – “იმათთვის” ოცდაორი “გაგიჟებული” კაცის სირბილია ერთი ბურთისთვის, ეს ბურთი კი ტყავის ნაჭერია და მეტი არაფერი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ფეხბურთი ბუკოვსკივითაა, ცოტა უცნაური, ცოტა ყვითელი და ცოტაც გენიალური. უნდა გაუგო და გაგიგოს. ზოგისთვის სისულელეა, მოდური გოგოებისთვის სიმპათიური და წარმატებული ბიჭების ყურებაა, პატარა ბიჭებისთვის კი კაცობის საზომი. ზოგისთვის, როგორც ვთქვი, არაფერია ეს 90 წუთი, სხვებისთვის კი თითქმის მთელი სამყაროა, სიცოცხლის ფილოსოფია. ესეც უცნაურობა.

ზოგი ვერ იტანს და ვერც გაამტყუნებ, ჩვენ კი, ფანები, ღმერთმა უწყის, ფეხბურ-თისთვის რამდენ მსხვერპლს ვიღებთ. აი, ერთი მახსოვს, ქუდი რომ დავკარგე. ზამთარში, გათოშილ ტრიბუნებზე რომ ვიჯექი, მერე უცებ კუთხური ჩამოაწოდეს, შემდეგ კარგად ვერ ვხედავდი რა ხდეობდა, მაგრამ მივხვდი – ეს გოლი იყო. ჩემმა გახარებულმა მეგობარმა კი მომაგლიჯა ეს ქუდი და სადღაც შორს ისროლა, თვითონაც არ იცოდა რას აკეთებდა, გახარებული იყო და რა ექნა, რაღაც ხომ უნდა ექნა. მეც გახარებული ვიყავი, მეც დიდი სიამოვნებით ვისროდი ქუდს, შეიძლება ქურთუკიც მიმეყოლებინა, იმ შუა ზამთარში. ყურები კი მომეყინა მერე, მაგრამ, ასე ბედნიერად დამეკარგოს რამე, ჯერ არ მახსოვს. ასეთი გაგიჟებაც სცოდნია ამ ოხერ 90 წუთს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s