მთავარი » ნაჯღაბნები » ჩემი გაუხრწნელი გვამები

ჩემი გაუხრწნელი გვამები

circa by Wols (Alfred Otto Wolfgang Schulze) 1913-1951ბოლო დროს ქვეყანა ლაპარაკობს წმინდანთა გახრწნილ თუ გაუხრწნელ გვამებზე, სრულიად საქართველოს წმინდა გვამებზე. მე კი ჩემი გაუხრწნელი გვამები მყავს. ჩემი გაუხრწნელი გვამები ჩემი ახლობლები არიან, ისინი ვინც თავად დამიმარხავს. მათი სახეები ისეთივეა, როგორებიც ჩემს გონებას შემორჩნენ, ზუსტად ისეთივე. ჩემი გაუხრწნელი გვამები ლაპარაკობენ კიდეც და მათი ხმებიც ისეთივეა, როგორიც ჩემს გონებას შემორჩნენ. წვანან უვნებელი გვამები მარმარილოს ცივი საბნის ქვეშ და არ ელიან ამოთხრას. რადგან მათ მორწმუნე მრევლი ჰყავთ, ერთი ადამიანი მაინც ჰყავთ, ვისთვისაც ეს გვამები ზუსტად ისეთივენი არიან, როგორიც სიცოცხლეში. არ იფიქროთ, რომ არ მსმენია ბაქტერიებსა და ჭიანჭველებზე, ქიმიურ პროცესებსა და კუნთოვან ქსოვილებზე. მაგრამ მე გულუბრყვილოდ მაინც მჯერა გაუხრწნელი გვამების.

არასდროს ამოვთხრი მე ჩემს გაუხრწნელ გვამებს იმის საილუსტრაციოდ, რომ ისინი სასწაულმოქმედი ადამიანები იყვნენ. მე არ მაინტერესებს ჩემთვის საყვარელი ადამიანების კუნთოვანი ქსოვილები, მენჯის ძვლები და სხეულიდან გამოსული ზეთები. ისიც ვიცი, რომ დიდი ხანია “ჩავარდა მიწა”, მაგრამ მე ჩემებურად მჯერა გაუხრწნელი გვამების.

სასწაული გინდათ? სასწაულის მეტი რა არის. იცით, მაშინ, როცა სასაფლაოზე ღამდება და ხალხი გარბის სახლებში, ჩემი ერთი გაუხრწნელი გვამის საფლავზე დიდი თეთრი კატა მოდის და კრუტუნებს. განა ეს სასწაული არ არის? გინახავთ სხვაგან ასეთი რამე? ოღონდ არ გეტყვით მის მისამართს, რადგან ჩემი გაუხრწნელი გვამები ზედმეტად ვერ იტანენ ფარისევლებს. ჰოდა, როგორც კი ფარისეველთა რიგები დადგება, იმ წამიდან გახრწნას დაიწყებენ ჩემი გაუხრწნელი გვამები.

ჰო, მართლა. სასწაული თუ მაინც გინდათ, მაგის მეტი მიტოვებულ საფლავებზე რა არის. ოდესმე გიცდიათ წვიმიან ამინდში მიტოვებულ საფლავზე მისვლა? ერთხელ მაინც სცადეთ და ნახავთ ნამდვილ სასწაულს! წვიმიან ამინდში წებოვან ტალახაკრული იმაზეც დაფიქრდებით, როგორ ხდება ყველა სასაფლაო რომ თიხნარ ნიადაგზე შენდება. მერე იმაზეც დაფიქრდებით, რომ თურმე გვამებთან ლოცვას არ სჭირდება შობა. მანამდე კი იმსჯელეთ, იყვირეთ და მე დამაცადეთ ჩემი გაუხრწნელი გვამების რწმენა. ისე თქვენც მოგიწოდებთ გჯეროდეთ თქვენი გაუხრწნელი გვამების, რადგან რწმენას გული განსაზღვრავს და არა კუნთოვანი ქსოვილები.

Advertisements

5 thoughts on “ჩემი გაუხრწნელი გვამები

  1. ძალიან მომეწონა ^_^ და როგორ გეთანხმები,რომ იცოდე! მარაზმი, “ურწმუნო მოდგმა, რომელიც სასწაულს ეძიებს”, აღარ სრულდება, აღარ…

  2. არ გიცნობ, მაგრამ ამ წუთში შენ ჩემი და ალბათ ბევრი ადამიანის სათქმელი თქვი!
    სასაფლაოები საოცრად მიყვარს, მიტოვებული განსაკუთრებით და რომ ვკითხულობდი განცდა მქონდა, რომ შენ გესმის ჩემი!
    მადლობა ❤

  3. უცბად დამარტყა ეხლა თავში რატომ ვარდება მიწა. შევძრწუნდი 😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s