მთავარი » ნაჯღაბნები » ჩემი მეგობარი ალის დანაშაული

ჩემი მეგობარი ალის დანაშაული

young10b
ერთად გავიზარდეთ მე და ჩემი მეგობარი ალი.  მეზობლები ვიყავით, სანამ მისი ოჯახი სახლს არ გაყიდდა. ალი ჩემზე ცოტა უფროსი იყო და ხშირად მარიგებდა კიდეც. ალი რომ დაიჭირეს ის დრო იყო ზუსტად, უბნიდან რო გადავიდა. მამამისს ადრე მშენებლობაზე მოუვიდა რაღაც და დაინვალიდდა, თან უყურადღებობის გამო მოვუიდაო თქვეს და კომპენსაციაც არ მისცეს. ოპერაციამ დიდი ფული წაიღო და სახლის გაყიდვაც მოუწიათ. ალის დედა სამგორში, ბაზარში ყიდდა ბოსტნეულს და ძლივს არჩენდა მერე ოჯახს. ალის მშობლებმა ქართული არ იციან თითქმის, თბილისშიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადმოვიდნენ მარნეულიდან. ენობრივი ბარიერის გამოც გაუჭირდათ სამუშაოს შოვნა. როგორია, საქართველოში იყო და ქართული არ იცოდე. ალი კიდევ “ამტვრევდა” ქართულს, უფროსი შვილი იყო და მახსოვს ბავშვობიდან სულ მუშაობდა, ეხმარებოდა მშობლებს. ხანდახან მეც წამიყვანდა ხოლმე, ჯართს ვაგროვებდით ან ძველ ნივთებს ვშოულობდით და მერე ვყიდდით. მეც ვმუშაობდი ალის ხათრით, არ მიჭირდა, მაგრამ ძმაკაცი იყო და ხომ არ დავტოვებდი.

თუმცა, იმ დროს უბანში დალხენილი ცხოვრება არავის ჰქონია. უბანში ბიჭები ხშირად ხურდებს ვაგროვებდით და ისე ვყიდულობდით არაყს. მერვე-მეცხრე კლასში რომ ხარ,  ცხოვრებას მაშინ იწყებ, ბავშვი აღარ ხარ. მერე უბანი ისეთია, თავისას ითხოვს, ცოტა “ტეხავს” კიდეც სკოლაში სიარული. მშობლებს ხშირად არ ესმით, რომ “სასტავიც” გჭირდება. გაივლი სადღაცას და აგიშარდებიან ვიღაცები, თუ არავის იმედი გაქვს, შეიძლება მოგკლან კიდეც. მერე ვიღაცას წაგებული აქვს, ფული სჭირდება და ოქროულობა გამოიტანეო გეტყვიან. მოკლედ, გჭირდება “სასტავი”.  იქ კიდევ კაცობა თუ არ დაამტკიცე, წასულია შენი საქმე. მშობლები გამუდმებით გეჩხუბებიან – “სად იყავი?” “კიდევ დალიე?!”, “სიგარეტი არ მოწიო, თორე მოგკლავ იცოდე” და ა.შ.  თან სულ ბუზღუნებენ, ყვირიან და აუტანელია.  არც იმდენად დიდი ხარ, შენ შეინახო ოჯახი, არადა პატარაც აღარა ხარ სულ ჩხუბი აიტანო. მერე სკოლაში ცალკე ამბავია, სულ რომ კანტზე ჭკვიანი იყო, მაინც ყველა მასწავლებელი იმას გეუბნება, არაფერი გამოვაო შენგან. ერთ კარგ სიტყვას ვერ გაიგებ, რამეში რომ დაგეხმაროს.

ძალიან რთულია ეს ასაკი. აღარ იცი, საით გაიხედო. ზოგი კაიფს იწყებს, ზოგი კიდევ რას. მაგრამ ალიზე ვყვებოდი, ალი კარგი ბიჭი იყო, სულ მუშაობდა. თუმცა, რა – ისიც დაიჭირეს. მეათეში იყო და ნაქირავებში ცხოვრობდა უკვე. ერთხელ ბიჭებს უთქვამთ, წიომამ რკინიგზის საწყობში ძაან ბევრი სპილენძი გაჩითაო. ერთი სამი წლის წინ იყო, სპილენძს უკვე კაი თანხა ედო. ალიც წასულა. საწყობში კიდევ ბევრი სხვა რამეც აღმოჩნდა და მოკლედ, დაიჭირეს ქურდობაზე.  გაგიჟდა დედამისი, მაგრამ რა ექნათ, თან არც არაფერი იცოდნენ აქაურობისა –  ვინ ადვოკატია, ვინ მოსამართლე. მაგრად გაუჭირდათ. დედაჩემიც გაგიჟდა, ყველა მშობლის მისაბაძი ბიჭი იყო ალი.  აი, ხომ იცით, მშობლები გამუდმებით რომ გიჩიჩინებენ, ნახე რა კარგი ბიჭია, იმას მიბაძეო. არადა, მართლა ეგეთი იყო, იმდენი აგროვა ეს ძველმანები, ზეპირად იცოდა ყველა ნივთის ფასი. მერე სამხატვროში ჩაბარებაზეც ოცნებობდა. ბოლოს კიდევ დაიჭირეს, არადა რაც ვიცოდი, ნასამართლეობა თუ ჩაგიწერეს, წასულია შენი საქმე. თან როგორია ციხეში ჯდომა, მთლიანად ანგრევს ფსიქიკას.

ალისთან ერთად მაშინ სხვებიც დაიჭირეს. ერთს გაუხარდა კიდეც. არადა, ბავშვები სულ ერთნაირები ვართ თავიდან, მერე ზოგს რა ემართება, ზოგს – რა. არ ვიცი, ვისი ბრალია, მაგრამ როცა მოზარდი ხარ ემოციური ფონიც მაღალია და ოჯახსა და სამსახურზეც ალბათ ნაკლებად ფიქრობ.  არადა, მერე ბევრი ორივეს საჭიროებას გრძნობს. ალი კი მაინც გამოძვრა, მაგის მერე გავიგე მეც თუნდაც განრიდების პროგრამის შესახებ.  როცა რაღაც რეკლამას უყურებ ტელევიზორში სიტყვები სიტყვებად რჩება. არადა, აი შეემთხვევა შენს მეგობარს ასეთი რამ და აღმოაჩენ, რომ თურმე ბევრი პროგრამის საჭიროება დგას, რომ ციხისთვის არ უნდა გაწირო ყველა ადამიანი. ალი რომ დაიჭირეს, იმ ღამეს დიდ ხანს ვფიქრობდი, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება. იმაზეც ვფიქრობდი, უბანია – ან ჩხუბი მოხდეს, ან მეგობარს დაეხმარო და უცებ, ხომ შეიძლება მეც რომ დამიჭირონ პატარა რამეზე.

ალი მოხვდა განრიდების პროგრამაში და გადაურჩა არა მარტო ციხეს, დოსიეს გაფუჭებასაც. ახლა ის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს და თავისი სახელოსნოც აქვს. აკადემიაში მაგარი ტიპად ითვლება. მე კიდე მივდივარ ხოლმე სახელოსნოში და ვიხსენებთ “ჯართის დროს”, უბანს და ძველ მეგობრებს. არადა, ალი რომ დაიჭირეს მაშინ შემეშინდა მაგრად.  შემეშინდა, რომ ერთ შემთხვევას შეუძლია მთლიანად შეცვალოს შენი ცხოვრება და დაანგრიოს. იყო კი ალის დანაშაული ამ დონის? რა თქმა უნდა, არა. ალის იმაზე მეტი დანაშაული მაინც არ ჰქონია, რამდენიც ჩვენ, დანარჩენ უბანს და მგონი, საზოგადოებასაც.

მერე სოციოლოგი გავხდი და დავინტერესდი მოზარდთა დანაშაულით, ალის მსგავსი ბავშვებზე ფიქრით.  განირდების პროგრამაზე, მედიაციასა და პრობაციის ბიუროზე სოციალური მუშაკებისა და მეგობარი იურისტებისგანაც რაღაცები გავიგე, აი, ტრენინგებსაც გავდივარ. გავიგე, რომ 2010 წლიდან დღემდე 557 მოზარდი იყო ჩართული განრიდების პროგრამაში. ბევრი ბავშვი გადაურჩა ციხეს. ეს განრიდება ისეთი რამეა, სასჯელისგან ათავისუფლებს მოზარდს და მისი დანაშაულის შესახებ მერე ვეღარავინ იგებს, მოზარდი კი რაიმე სასარგებლო სამუშაოს ასრულებს. მედიაციის დროს დანაშაულისა და პრობლემის გადაწყვეტის გზებზე დამნაშავე და დაზარალებული ერთად მსჯელობენ. პირობით გათავისუფლებული მოზარდებისთვისაც არის რაღაც პროგრამები. ყველა მსურველისთვის დგება ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამა. ზოგიერთი სტაჟირებას გადის სხვადასხვა სამსახურში, ზოგი სპორტულ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. მათ შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდებზეც არის ხელმისაწვდომი. მაგრამ მთვარი პრობლემა, ჩემი აზრით, იცი რა არის? დანაშაულის პრევენცია, ვფიქრობ, მის რეციდივამდე უნდა მოხდეს, სახელმწიფო გარკვეულ აქტივობებს ამ მხრივაც ანხორციელებს, თუმცა სახელმწიფო მხოლოდ ერთი მხარეა, ოჯახი, სკოლა და ჩვენი აზროვნება კი ყოველთვის დიდ როლს თამაშობს.

ალი კარგი ბიჭია და დღეს არავინ იცის, რომ ის ოდესღაც დამნაშავედაც ითვლებოდა. ქართულიც კარგად ისწავლა და აკადემიაში პოპულარული ბიჭია, მაგრამ ხანდახან, როცა მას ვუყურებ, ვფიქრობ, ციხეში რომ მოხვერილიყო ან ყველასთვის ყოფილ პატიმრად ითვლებოდეს, იქნებოდა კი ის ასეთი?

P.S. ჰო, მართლა, ალი ჩემი წარმოსახვითი მეგობარია, ალი ყველა ჩვენი ის მეგობარია, ვისაც მართლმსაჯულება შეეხო ან თავად ჩვენ ვართ, ვისაც შეგვხებია ეს სისტემა ან გადავურჩით დანაშაულს.

ჰოდა, მოკლედ: მართლა არსებობს რაღაც პროგრამები, მთავარი კი მათში მონაწილეობის სურვილია და ჩვენი დამოკიდებულება, რომ საკუთარი ცხოვრება ყველამ კეთილდღეობისკენ წარმართოს.

Advertisements

One thought on “ჩემი მეგობარი ალის დანაშაული

  1. Pingback: StudPress.ge | ბლოგერების და ჟურნალისტების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s